როგორია შენი სახის მოვლის რუტინა?
ქალბატონები სახის მოვლის უამრავ პროცედურას იტარებენ. თანაც დღეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საოცარი შეთავაზებებით გვანებივრებენ, მოკლედ – ყველაფერია იმისთვის, რომ ჩვენი სახის კანი ახალგაზრდულად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს.
ნაჭრის ნიღბები შენც გიცდია?
ეს კორეელების ერთ-ერთი სასიამოვნო გამოგონებაა, ხომ იცით, როგორ უყვართ მათ კანის მოვლა.
სწორედ კორეელებმა გამოიგონეს ბოჭკოვანი სტრუქტურის ნაჭერი, რომელიც გაჟღენთილია სერუმით, შრატით, ამპულით, შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას და ძირითადად კანის დასატენიანებლად გამოიყენება.
ძველ ეგვიპტეში სახის კანზე იდებდნენ სხვადასხვა ზეთებითა და მცენარეების ნახარშით გაჟღენთილ ტილოებს.
ანტიკურ რომში ცხვრის ბეწვის ცხიმს, პლაცენტას და ტვინსაც ამატებდნენ. (წარმოდგენაც არ გინდა, ხომ?!)
შუა საუკუნეებში გადავინაცვლოთ, როცა სახის გასათეთრებლად თუთიას იყენებდნენ, ეს კი სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიში იყო.
ევროპაში ქალბატონები სახეზე არც მეტი არც ნაკლები – ძროხის ხორცის ნაჭრებს იდებდნენ, საბედნიეროდ, შემდეგ ის სახის ნაჭრის ნიღბებმა ჩაანაცვლა.
საინტერესოა, როგორ ინარჩუნებდნენ ახალგაზრდულ სახის კანს ჩინეთის იმპერატორთა ცოლები.
ისინი დღეში ორჯერ ნატურალური აბრეშუმის ნაჭრით სახეზე მასაჟს იკეთებდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სახეზე აბრეშუმის ზემოქმედების დროს წარმოიქმნება სტატიკური ელექტრობა, რომელიც ასტიმულირებს კანის რეგენერაციას.
მოკლედ, ყველაფერი ნატურალური კარგია, არა?!
წარმოუდგენელია, არ ვახსენო კლეოპატრა. დედოფალი კანის სითეთრის შესანარჩუნებლად იყენებდა კრემს, რომელიც ფერუმარილთან ერთად, შედგებოდა ნიანგის დაქუცმაცებული ნარჩენებისგან.
მე-19 საუკუნეში ოჰაიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიგონეს სახის ნიღაბი, რომელიც დამზადებული იყო ინდური რეზინისგან. მისი შემქმნელი გახლდათ მადამ
როული. ის გამოიყენებოდა კანის გასაწმენდად, გასათეთრებლად და ფერის შესანარჩუნებლად.
ძველ ჩინეთში ნიღბების დასამზადებლად იყენებდნენ მარგალიტის ფხვნილს, ჩაის ფოთლებს, ბრინჯის წყალს, პიტნას და ა.შ. ნიღაბი გამოიყენებოდა სახეზე შავი წერტილების მოსაშორებლად, ასევე ნაოჭების შესამცირებლად.
ძველ ინდოეთში გადავინაცვლოთ, სადაც არსებობდა აიურვედული მედიცინა. აიურვედა ნიშნავს “სიცოცხლის მეცნიერებას”. აიურვედას ტრადიციის თანახმად, სახის ნიღბების გამოყენება ცნობილი იყო, როგორც “ლეპანა”. ნიღბები მზადდებოდა მწვანილების, ზეთებისა და ბუნებრივი ბოჭკოებისგან. სახის ნიღბების მთავარი დანიშნულება იყო კანის გაწმენდა, დამშვიდება, კვება და კანის ფერის გაუმჯობესება.
აიურვედული მედიცინის თანახმად, სახის ნიღბების გამოყენება ხაზს უსვამდა კავშირს ბუნებას, ჯანმრთელობასა და სილამაზეს შორის.
დღეს სახის ნიღბების უამრავი სახეობა გვხვდება. გამაახალგაზრდავებელი, გამაგრილებელი, დამატენიანებელი, გამაცოცხლებელი…
სახის ნიღაბი უნდა შეარჩიოთ სახის კანის ტიპის მიხედვით.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სილამაზისა და ესთეტიკური მედიცინის სფერო საოცრად განვითარდა და მოდით, ვაღიაროთ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა, თუმცა სახის ნიღბების დამზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია და ბევრ საჭირო ნიღაბს აფთიაქშიც იპოვით. ასე რომ თამამად შეგიძლიათ იბრჭყვიალოთ!
როგორც ლეგენდარული სოფი ლორენი ამბობს:
“არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც რწმენა იმისა, რომ ის ლამაზია!” – აუცილებლად გწამდეს ჩემო მკითხველო!
გამოყენებული წყაროები:
PSP.GE
orientiri.edu.ge
Wikipedia
nanospace.store
nykaa.com
ფოტომასალა: Pinterest