უძველესი დროიდან დღემდე, სილამაზე და თავის მოვლა ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა.
არ აქვს მნიშვნელობა, რა გზებით ახერხებდნენ ამას, ყველა ინდივიდუალურად გამოხატავდა საკუთარ თავს დიდი თუ პატარა შტრიხებით.
შეიცვალა ეპოქა, ცივილიზაცია, განვითარდა მოდა.. მაგრამ თავის მოვლა და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა უცვლელად მნიშვნელოვანია.
მოწესრიგებული ფრჩხილები სწორედ თავის მოვლის ერთ-ერთი ნაწილია და დამეთანხმები, ძალიან ესთეტიურიც. ფრჩხილის მოვლის ხელოვნება ათასწლეულებს ითვლის, თუმცა მას ერთ კონკრეტულ წარმომავლობას ვერ მივანიჭებთ.
1964 წელს ეგვიპტეში სამარხის გათხრების დროს აღმოაჩინეს მუმიები, საფლავის კედლებზე მითითებული იყვნენ ადამიანები, რომლებთაც ეძახდნენ: “ფარაონის ფრჩხილების მცველები და ოსტატები”.
ეგვიპტეში ფარაონებსა და სამეფო ოჯახის წევრებს უფრო “კაშკაშა” მანიკური ესვათ, ხოლო მონებს მხოლოდ პასტელური ფერების გამოყენება შეეძლოთ.
საინტერესოა, რომ არქეოლოგებმა მანიკურის უძველესი ნაკრები ბაბილონის ნანგრევების სამხრეთ ნაწილშიც აღმოაჩინეს და ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200 წლით თარიღდება, ფრჩხილის ლაქის შექმნას ხშირად მიაწერენ ჩინელებს.
კვერცხის ცილა, ჟელატინი, ყვავილების ფურცლების საღებავი – როგორი კომბინაციაა? ქალები სწორედ ასე იღებდნენ მბზინვარე ფრჩხილებს, რომელიც მოვარდისფრო-მოწითალო ფერის იყო. გრძელი ფრჩხილი სიმდიდრისა და მაღალი სოციალური სტატუსის მანიშნებელი გახლდათ.
მანიკურმა დიდი და რთული გზა განვლო.
გრძელ, მოხატულ ფრჩხილებს ხშირად თვლიდნენ ცუდ მანერად და ჯადოქრობასაც კი მიაწერდნენ.
თუმცა რენესანსის ეპოქაში ევროპელ თავადაზნაურებს შორის ფრჩხილის მოვლის ხელოვნებისადმი ინტერესი გაიზარდა. ისინი არ იღებავდნენ ფრჩხილებს, მაგრამ ზრუნავდნენ მის ფორმაზე.
პარიზელი ქალბატონები ფრჩხილებს მოკლედ იჭრიდნენ და გასამაგრებლად ლიმონის წვენს იყენებდნენ. (მგონი ეს მეთოდი ახლაც აქტუალურია)
თანამედროვე სახეობის მანიკური პირველად სწორედ საფრანგეთში გამოჩნდა. თუ ჯერ არ გსმენია ამ ისტორიის შესახებ, მოემზადე!
1830 წელს მეფე ლუი ფილიპს ნუნასთან კანი აექერცლა (ალბათ, ყველას გვქონია მსგავსი შემთხვევა). თუმცა მეფეს ანთება განუვითარდა და, რა თქმა უნდა, ექიმს მკურნალობა უბრძანეს. ექიმმა დავალება წარმატებით შეასრულა და გამოიგონა ხელის მოვლის ნაკრები. ნაკრები შედგებოდა ხელის კრემის, ფორთოხლის ჩხირის, ზამშის ქლიბის და პუდრისგან. (შესანიშნავი ნაკრებია, არა?!)
მე-20 საუკუნის დასაწყისში ნაკრები თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდებოდა. საფრანგეთის და მოგვიანებით მთელი ევროპის არისტოკრატებმა შეიძინეს მანიკურის კომპლექტი და ამით ახალი სიცოცხლე შესძინეს მანიკურისა და პედიკურის ხელოვნებას.
ასე და ამგვარად, მე-20 საუკუნის ოციან წლებში უკვე სრულად ჩამოყალიბდა მანიკურის კონცეფცია.
21-ე საუკუნეში კი მანიკურმა “ფრთები გაშალა” და დაიწყო თავისუფლების ეპოქა.
ალბათ, ჩემსავით შენც ბევრს ფიქრობ, რომელი ფერი წაისვა..
დიახ, დღეს სალონები ფერების უდიდეს არჩევანს გვთავაზობს, სასურველი ფორმა, ზომა, დიზაინი, მოწესრიგება სხვადასხვა აპარატურის გამოყენებით.
თამამად გაუსვი ხაზი ინდივიდუალიზმს, უნიკალურობას და ყველაფერი შენს უსაზღვრო ფანტაზიას მიანდე!
გამოყენებული წყაროები:
theguardian.com
milano.ua
ფოტომასალა: Pinterest