მამაკაცებისთვის თავის მოვლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. საუკუნეების მანძილზე არსებობდა საპარიკმახეროები, სადაც მამაკაცები იკრიბებოდნენ და ზრუნავდნენ საკუთარ გარეგნობაზე.
ამასთანავე, ეს ადგილი სოციალიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ.
ძველ საბერძნეთსა და რომში დალაქები საზოგადოებისთვის მეტად პატივსაცემი ადამიანები იყვნენ. შესაძლოა, სწორედ აქედან იწყება საპარიკმახეროების ისტორიაც. იცოდი, რომ რომის იმპერატორ ნერონს საკუთარი დალაქი ჰყავდა?
მამაკაცის თავის მოვლის რიტუალი ძირითადად თმის შეჭრასა და წვერის გაპარსვას მოიცავდა. ამ მიზნით, მამაკაცები რა თქმა უნდა, დღესაც აქტიურად სტუმრობენ სალონებს.
თუმცა, როგორც აღვნიშნე, თავის მოვლის გარდა, მამაკაცებისთვის ეს ადგილი მოსასვენებელი და კარგი გასართობი იყო. დრო სასიამოვნოდ გაჰყავდათ, საუბრობდნენ, ერთმანეთს სიახლეებს უზიარებდნენ.
რამდენიმე ქვეყანაში საპარიკმახეროები ღია დებატების ადგილიც იყო, სადაც მოქალაქეები მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდნენ.
აუცილებლად უნდა გითხრა, რომ სიტყვა “პარიკმახერი” გერმანული სიტყვაა და ქართულად პარიკების ოსტატს ნიშნავს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 296 წელს ვხვდებით დალაქებს, რომლებიც მუშაობდნენ მდიდრული ოჯახის წარმომადგენლებთან ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში.
დიდგვაროვნების ვარცხნილობაზე სწორედ დალაქები ზრუნავდნენ.
დალაქებს ყველა ის ნივთი ჰქონდათ, რაც თმის მოვლისთვის სჭირდებოდათ: მაკრატელი, შამპუნები, ბუნებრივი საღებავები, შემდგომ უკვე გამოჩნდა გამაღიავებლები და თმის ქიმიური საღებავები.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისტორიაში პირველი დალაქი ძველ მესოპოტამიაში, 5000-ზე მეტი წლის წინ ცხოვრობდა.
სწორედ ის მიიჩნევა დალაქის ინსტრუმენტების და თმისა და წვერის შეღებვის ტექნიკის გამომგონებლად.
საინტერესოა, რომ ძველ ეგვიპტურ და აზიურ ცივილიზაციებში სწამდათ, რომ კეთილი და ბოროტი სულები ადამიანებში შედიან თმის საშუალებით. შესაბამისად, მათი რწმენით, ბოროტი სულებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა თმის შეჭრა იყო.
1893 წელს ჩიკაგოში დაარსდა პირველი საპარიკმახერო სკოლა. ეს იყო სფეროში პირველი ინსტიტუტი, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა.
დაკვირვებიხარ barbershop-ების სანათს?
ის ლურჯი, წითელი და თეთრი ზოლებით არის. ეს არის სიმბოლო იმ დროიდან, როცა დალაქები ქირურგიულ პროცედურებსაც ატარებდნენ. თეთრი და წითელი ზოლები სახვევებსა და სისხლს განასახიერებს, ლურჯი კი ვენებს.
დალაქის პროფესია საკმაოდ საინტერესო და საპასუხისმგებლოა. ის ზრუნავს მამაკაცის გარეგნობაზე, თანაც ვარცხნილობა და წვერის ცვლილება ხომ სახეზე აისახება. მნიშვნელოვანია სიზუსტე, გემოვნება, ხედვა, დალაქი უნდა ხედავდეს, თუ რა მოუხდება მამაკაცის სახეს და ეს თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურია.
სამყაროს განვითარებასთან ერთად, დალაქის პროფესიაც განვითარდა. ადრე დალაქები ქირურგიულ და სტომატოლოგიურ საქმიანობასაც ეწეოდნენ, დღეს თანამედროვე დალაქები მომსახურების ფართო სპექტრს გვთავაზობენ, – თმის შეჭრა, გაპარსვა, კანისა და წვერის მოვლა.
დალაქს შესაბამისი ხელსაწყოები სჭირდება იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოს.
კარგი მაკრატელი, სამართებელი, სავარცხელი, წვერისა და კისრის ჯაგრისი…
(რას დაამატებდი?)
თანამედროვე საპარიკმახეროებში შეხვდებით დალაქის სპეციალურ სავარძლებს, თავსაბანებს, ზოგიერთ ადგილას თქვენ შეგიძლიათ ჟურნალებიც წაიკითხოთ ან ტელევიზორს უყუროთ გემრიელი ყავა მიირთვათ და “ფლეისთეიშენიც” კი ითამაშოთ (არ ვხუმრობ).
და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა სფეროში, აქაც მნიშვნელოვანია ხარისხი და შესრულების დონე, ასე რომ ყოველთვის ეცადეთ პროფესიონალი დალაქი შეარჩიოთ. მთავარი კი არასდროს დაგავიწყდეს, – ყველაფერი საკუთარი თავის მიმღებლობითა და შეყვარებით იწყება!
გამოყენებული წყაროები:
mens-dept.com
broshpomade.com
medium.com
1tv.ge
ფოტომასალა: pinterest