ქალბატონები უამრავ დროს ხარჯავენ სილამაზეზე, თავის მოვლაზე.
დამეთანხმები, მუდმივად ფორმაში ყოფნა დიდ დროს, ფინანსებს და ზოგჯერ ნერვებსაც მოითხოვს..
თანამედროვე სამყარო ყველაფრის გამარტივებისკენ მიისწრაფვის..
რატომ? – იმიტომ, რომ დაზოგო დრო და ენერგია!
თანაც ყველაფერი მარტივი ხომ გენიალურია?!
ამის ერთ-ერთი მაგალითია პერმანენტული მაკიაჟი, ანუ კონტურული მაკიაჟი.
ეს პროცედურა ტატუაჟის ნაირსახეობაა და მისი აქტიურად გამოყენება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს.
სად თუ არა ჩინეთში? – სწორედ აქ ჩატარდა კონტურული მაკიაჟის პირველი წარმატებული ცდები.
ტატუს სპეციალისტებმა წითელი საღებავით გამოკვეთეს ტუჩის კონტური, პროცედურა საკმაოდ მტკივნეული იყო, მაგრამ ხომ გაგიგია “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო”…
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ყველაფერი სიმარტივისკენ მიდის. გამოჩნდა ადამიანი, ფრანგი პოლ დე ჟენარი. სწორედ მან შექმნა პერმანენტული მაკიაჟის ნაკლებად მტკივნეული მეთოდი. პოლი ტატუაჟის მსურველებს თავის პატარა სალონში მასპინძლობდა, მან შექმნა მოკლენემსიანი აპარატი, რომელიც კანქვეშ ღრმად არ ჩადიოდა, შესაბამისად ნაკლებად მტკივნეულიც იყო და საკმარისი იმისთვის, რომ ბუნებრივ პიგმენტს რამდენიმე წელი გაეძლო.
კანქვეშ სწორედ ბუნებრივი პიგმენტი შეჰყავთ, რომელიც ძირითადად მცენარეული ნივთიერებისგან შედგება და დაახლოებით 3-4 წელიწადში უკვალოდ გაიწოვება.
სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პერმანენტული მაკიაჟი მოთხოვნადი გახდა.
მაკიაჟის ეფექტი, რომელიც სახეს მთლიანად ცვლის და თან ყოველდღიურად სარკის წინ საათობით დგომაც არ გიწევთ, – მართლაც კარგი გამოგონებაა.
თუმცა, რა თქმა უნდა, უკუჩვენება ყველაფერს აქვს და თუ პერმანენტული მაკიაჟის გაკეთებას გადაწყვეტ, სპეციალისტიც სიფრთხილით შეარჩიე და ბევრი საჭირო ინფორმაციაც მოიძიე.
პერმანენტული/კონტურული მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია ტუჩის, წარბებისა და თვალების ასიმეტრიის გამოსწორება.
ასევე ტუჩების მოცულობის გაზრდა, მისი ფორმისა და ფერის შეცვლა,
ხშირად ფერმკთალი ტუჩები არ მოგვწონს და მისი გამოცოცხლება გვინდა.
ასევე შესაძლებელია ტუჩის კონტურის გამოკვეთა. წარმოიდგინე, ყოველ დღე აღარ გიწევს ფანქრით კონტურის დახატვა.
პერმანენტული მაკიაჟი წარბის ფორმისა და ფერის შეცვლის, ქუთუთოების ფორმის კორექციის საშუალებასაც იძლევა და ხშირი წამწამების ეფექტის შექმნაც შეუძლია.
პერმანენტული მაკიაჟის მეთოდს იყენებენ პოსტ ოპერაციული ჭრილობების, დამწვრობების, რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციების შემდგომ.
დღეს მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იკეთებს პერმანენტულ მაკიაჟს. წარმოიდგინე, შეგიძლია გაიღვიძო “ლაინერით”, წარბის თუ ტუჩის კონტურით..
დღევანდელ ეპოქაში, იმდენად ცოტა დრო გვაქვს საკუთარი თავისთვის, რომ ეს პროცედურა უამრავი ქალის ყოველდღიურობას ამარტივებს.
თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ეს არ არის მუდმივი, სიტყვაც Permanent ამაზე მიგვანიშნებს.
მაგრამ არის რამე მუდმივი ამ სამყაროში?!
ალბათ, ყველანი ვთანხმდებით, სილამაზის აღქმა ინდივიდუალურია. რა მდგომარეობაშიც მოგწონთ საკუთარი სახე, სხეული, შინაგანი თუ გარეგნული მდგომარეობა, ისე უნდა იყოთ.
სტანდარტებს არავინ ადგენს, მთავარია, ვიგრძნოთ რომ კარგად ვართ.
არ აქვს მნიშვნელობა ეს “დახატული” წარბებით, გავარდისფერებული ტუჩით თუ თვალზე “შავი ხაზით” იქნება.
რასაც აკეთებს სხვა, არ ნიშნავს – გააკეთო შენც. ეს არ არის აუცილებლობა, ამაშია თავისუფლების მთელი არსიც.
მოუსმინეთ თქვენს სხეულს, გონებას, შინაგან ხმას და რასაც სწორად ჩათვლით, რასაც გაიგონებთ, ისე იმოქმედეთ!
მთავარია ყველაფერი საკუთარი თავის შეყვარებით დაიწყოთ!
და როგორც კარლ ლაგერფილდი იტყოდა:
“აკეთე ის, რაც გაბედნიერებს, რადგან სიცოცხლე მხოლოდ ერთხელ გეძლევა”.
გამოყენებული წყაროები:
aversi.ge
lotus.ge
prestigeluxe.ge
ფოტომასალა: Pinterest