„სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, რადგან, როცა ვტირი, ის არ იცინის“, – ეს სიტყვები ლეგენდარულ ჩარლი ჩაპლინს ეკუთვნის.
რამდენად ხშირად იყენებ სარკეს? ჩემთვის ყოველდღიურობაა, თანაც ვფიქრობ, რომ სარკე ნებისმიერ სივრცეს უხდება. ეს იქნება საძინებელი, სამყოფი თუ სააბაზანო ოთახი. სახლიდან გავიდეთ, რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისას სარკეს ეძებ?.. დაფიქრებულხარ, რამხელა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამ ნივთს?
დიახ, სარკე უნიკალურია. წარმოიდგინე იხედები და შენნაირ ადამიანს ხედავ, ზუსტად იგივეს, ან ზოგჯერ სრულიად განსხვავებული ადამიანი გიყურებს სარკიდან. სარკე არის ჩვენი სხეულის, სულის, ემოციის, ფიქრების ანარეკლი. მე კარგ მასწავლებელსაც ვუწოდებდი, რადგან მიჩვენებს, რა შევცვალო, რა დავტოვო, რა გამოვასწორო.
ჩემო მკითხველო, დღეს ამ ჯადოსნური ნივთის შესახებ გიამბობ და რომ იცოდე რამდენი მაქვს მოსაყოლი…
პირველი სარკეები ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, მათ ვერცხლისგან, სპილენძისგან ან ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. ჩაზნექილი სარკეები 1240 წელს გამოჩნდა, მე-16 საუკუნის დასაწყისში კი მესარკეებმა ბრტყელი სარკეების დამზადებაც ისწავლეს.
მეცნიერებს აღმოჩენილი აქვთ მეორე საუკუნით დათარიღებული შუშის სარკეები, თუმცა ევროპაში ის 1400-იანი წლებიდან გამოჩნდა. ვენეციაში ვიმოგზაუროთ, სწორედ ეს ქალაქი იქცა მე-13 საუკუნიდან მოყოლებული მინის მწარმოებელ ქალაქად, თუმცა ვენეციური სარკის დამზადების საიდუმლოს არავინ გაგიმხელდათ, რადგან სიკვდილით ისჯებოდა, საიდუმლო საიდუმლოა.
გადმოცემის თანახმად, ვენეციური სარკის ფასი იმდენად ძვირი იყო, რომ ერთი მცირე საზღვაო გემის ფასს უტოლდებოდა.
მე-17 საუკუნეში სარკის მწარმოებელი ქარხანა გამოჩნდა საფრანგეთში, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან კი ეს ნივთი აღარ იყო იშვიათობა.
მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში ბევრი მითი არსებობს სარკის შესახებ. აი მაგალითად, ძველი ბერძნები სარკეს იყენებდნენ მთვარის შუქის დასაჭერად, რის შემდეგაც მომავლის დანახვა იყო შესაძლებელი, ერთ-ერთი მითის თანახმად კი, რომაელებს დაორთქლილ სარკეში შეეძლოთ მომავლის დანახვა. სარკეს რელიგიური დატვირთვაც ჰქონდა და მას მზის ღმერთთან აკავშირებდნენ, რადგან სარკის დახმარებით ცეცხლის დანთება შეეძლოთ. ჩინელები სარკეს იყენებდნენ საკუთარი გარეგნობის დასანახად და სპირიტული თავდაცვისთვის. ისინი სარკეს საგულდაგულოდ ამზადებდნენ, ნივთს კი მდიდარი ადამიანები ყიდულობდნენ.
ალბათ, ბევრი ცრურწმენა გაგიგია სარკის გატეხვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გამიმხილე რომელი? მაგრამ მანამდე ცოტას მეც მოგიყვები.
ინგლისში სარკის გატეხვა მეგობრის დაკარგვას ნიშნავს, ამის გამო ინგლისელები გატეხილ სარკეს მდინარეში ყრიან.
ამერიკელები სარკის გატეხვას ავის მომასწავებელ ამბავს უკავშირებენ და მაშინვე ხუთ დოლარიანს იღებენ და პირჯვარს იწერენ. მოკლედ ერთი 5 დოლარიანი საფულეში გქონდეთ, რა იცი, რა ხდება.
იაპონელები ფიქრობენ, რომ თუ ადამიანი ცუდ განწყობაზეა ან ავადაა, სარკეში საერთოდ არ უნდა ჩაიხედონ.
ჰო მართლა, ფსიქოლოგები თვლიან, რომ სარკე კარგი ანტიდეპრესანტია და გვირჩევენ სარკესთან ყოველდღიურ „კავშირს“.
სარკე მსოფლიოს სახეა, მარადისობის სიმბოლო, მასში არის ყველაფერი, რაც წავიდა, რაც ახლა არის და რაც მომავალში მოვა.
მოდით, შევთანხმდეთ, ეს მისტიკური ნივთი დღეს ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, ვისთვის მნიშვნელოვანი, ვისთვის უმნიშვნელო. სარკეს იყენებენ, როგორც ქალები, ისე მამაკაცები. იღვიძებ და სარკეში იხედები – როგორ გამოვიყურები?, რა მდგომარეობაშია ჩემი თვალები?, „მგონი თმა შესაღები მაქვს“, „აშკარად წვერი უნდა გავიპარსო“… მოკლედ, თუ სარკე არ გაქვს, ტელეფონის ეკრანს მაინც დასდევ, ან სელფის კამერას რთავ, მთავარია საკუთარ თავს ხედავდე.
ქალბატონების ცხოვრებაში სარკე განუყრელი თანამგზავრია. სახლში, სამსახურში, მანქანაში, ჩანთაში – ერთი სარკე ყველგან არის. აქტუალურია მაკიაჟის სარკეები, LED განათებით, ცივი და თბილი ნათებით, უამრავი სხვადასხვა სიმძლავრის ნათურებით. ახლა ყველანაირ სარკეს აღმოაჩენ, სხვადასხვა ფორმის, ზომის, წონის, გამადიდებელს ან პირიქით, დატენვადსა და ელემენტზე მომუშავეს. მოკლედ სარკეებიც სამყაროს განვითარებასთან ერთად განვითარდნენ.
ერთხმად შევთანხმდეთ, რომ სარკე = პრაქტიკულობას. იკეთებ მაკიაჟს, სარკის სინათლეს სასურველ ნათებაზე არეგულირებ ეკრანზე თითის ერთი დაჭერით, ხედავ ყველა ნაკვთს, ჩრდილს, ნაოჭს, მთლიან სახეს და ამავე დროს დეტალებს. სარკეს იყენებ ფოტოების გადასაღებად და ბევრ მნიშვნელოვან მომენტსაც ირეკლავ.
დაათვალიერე სარკეების საოცარი არჩევანი win-win-ში, ვინ იცის, იქნებ ის უფრო მეტი გახდეს, ვიდრე სარკე მაკიაჟისთვის და ყოველდღიურობისთვის. https://infinity-studio.ge/product-category/beauty-salon-inventory/mirror/
ძვირფასო მკითხველო, მომწონს შენთან საუბარი, მაგრამ არ მინდა მოგაწყინო და დასასრულისკენ წავალ. სარკე უფრო მეტია ვიდრე ნივთი, რადგან ზუსტადაც, ის ყველაფერს ირეკლავს, მთელს ჩვენს ცხოვრებას… სარკეა ჩვენი მესაიდუმლეც, კრიტიკოსიც, მაქებარიც…
„სარკეში კი არ ვიყურებით, რაღაც წიგნებში გვინდა ამოვიკითხოთ, ის ვინც ვართ“, – არადა ზოგჯერ სარკის წინ მდგარი მე, გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე უბრალოდ სხეულის ანარეკლი.
გამოყენებული წყაროები:
Longreads.com
on.ge
fortuna.ge
media.adams.ge
sainteresoadamianebi.1tv.ge
ფოტომასალა: Pinterest.com